„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
„მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვებაა. გილოცავთ! გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა ჩვენს ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოო გავსწორდით წელში. აი, ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ უკვე ჩვენს წინაპარს, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ, ჩვენ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში.
ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა, ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, ალბათ, გეცოდინებათ რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფისკენ და მიაქანებს საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი – აი ეს გახლავთ, სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, უნგრევენ საზოგადოებებს, საშინელი დაპირისპირებებია, ერების ერთმანეთში აღრევა – ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს.
მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ რამეს: ყველაზე ნიჭიერება ქართველი ერის ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. თქვენ გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამათ ედგა და ზურგს უმაგრებდა. ყველას გვეგონა, რა გახდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“ – არაფერ შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ უკან დგას ძალიან დიდი, ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში. მე არ მინდა, რომ კონკრეტიკაზე გადავიდე, აქ გავჩერდები.
უნიჭიერესი ერი ვართ, უნიჭიერესი ხალხი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალა, ჩვენ ჩვენი ერთობით გავისტუმრეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს.
დღეს, გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ, ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას, ასე უნდა ვიყოთ! მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ – დღესაც ვადევნებთ თვალყურს, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ, ქუჩიდან რაიმე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნეა და ნახეთ რამდენნი არიან, როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 000-მა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? – წარმოუდგენელია.
გილოცავთ, გილოცავთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს ქართულ საზოგადოებას!“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.