მადლობელი ვარ, მე ამ პატივისცემას, ამ მხარდაჭერას, ამ სიყვარულს დავაბრუნებ თბილისში კარგი გაკეთებული საქმეებით, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.
კალაძემ პირობა დადო, რომ დედაქალაქში დაიწყება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც დაანონსებული იყო.
„მადლობას ვუხდი მოსახლეობას, ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანამებრძოლებს. მადლობა თბილისელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, ვინც მოვიდა არჩევნებზე და თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა ხმის მოცემით. ძალიან მადლიერი ვარ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც წარვუდგინეთ თბილისელებს საარჩევნო კამპანიის პროცესში. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც გვაქვს რეალური ხედვა ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა პროექტები უნდა იქნას განხორციელებული, როგორ ვუპასუხოთ ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს, პრობლემებს. მადლობელი ვარ! მე ამ პატივისცემას, ამ მხარდაჭერას, ამ სიყვარულს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, დავაბრუნებ თბილისში კარგი გაკეთებული საქმეებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.