თუ კი ვინმე დღემდე ფიქრობდა ხელისუფლების ცვლილებზე – იქნებოდა ეს არჩევნების ფორმით თუ დამხობის ფორმით, ყველას მინდა შევახსენო, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, შემდეგ ტარდება არჩევნები. აქედან გამომდინარე მე ყველას მოვუწოდებ, რომ შეეგუონ ამ კონკრეტულ მოცემულობას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაივიწყოს გარე ჩარევების მცდელობები და ევროკავშირს და აშშ-ს გაუწოდოს მეგობრობის ხელი.
„ქართული ოცნება“ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის განვითარებაზე და ალბათ სასურველი იქნება პრაგმატული თვალსაზრისითაც ყველასთვის, რომ გადატვირთონ ურთიერთობები ქართველ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და მის მმართველ ძალასთან „ქართულ ოცნებასთან“. ეს იქნებოდა მათი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი. რა თქმა უნდა შეიძლება ბევრს გაუჭირდეს ამის გაკეთება. როდესაც ერეოდი უხეშად არჩევნებში, როდესაც ღიად უჭერდი მხარს დამხობის მცდელობას მერე უცბად რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე. მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია საერთაშორისო პოლიტიკისთვის – ეს არის ცალმხრივი მეგობრობის კონცეფცია. ჩვენ ყველასთან მზად ვართ ცალმხრივი მეგობრობისთვის. მზად ვართ დავივიწყოთ მაგალითად თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან, პირდაპირ უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამომრჩეველს მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ისიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის აქციას. მზად ვართ ყველაფერი დავივიწყოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები. სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. განვაახლოთ ურთიერთობები. ეს არის ჩვენი გაწვდილი ხელი. მზად ვართ ურთიერთობისთვის და მეგობრობისთვის.
ჩვენი ხელი არის გაწვდილი. ეს ეხება ევროკავშირს, ეს ეხება აშშ-ს. ჩვენი სურვილია, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები და იმედია, რომ შემხვედრი ნაბიჯები იქნება ორივე მხრიდან. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირს, საიდანაც მეტი აგრესია მოდის ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა შარშან, წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.