რადიკალიზაცია ხდება ტრენინგებით, სადაც ეუბნებიან მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომ ტერორიზმი ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამის პრაქტიკული ასახვა ვპოვეთ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხდება ახლგაზრდების დატრენინგება უცხოური სპეცსამსახურების მიერ და სწორედ ამის შედეგი იყო გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მათი მონაწილეობა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა დემონსტრანტების აღჭურვილობაზეც და აღნიშნა, რომ ის აირწინაღები და ჩაფხუტები, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ თან „ენჯეოების“ შეძენილია.
„ახალგაზრდების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არის სპეცსამსახურებისა და ამას ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველო ამის მაგალითია. გახსოვთ თქვენ „კანვასის“ და მსგავსი ტრენინგები, რომლის მიზანიც იყო სწორედ რადიკალიზაცია.
მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასელების რადიკალიზაცია ხდება ისეთი შინაარსის მქონე ტრენინგებით, სადაც ეუბნებიან მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, რომ ტერორიზმი ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლას. აი, ეს არის ზუსტად ადამიანების ტვინის გამორეცხვის მეთოდები, რომელიც ზუსტადაც, რომ სპეცსამსახურების დამუშავებული მეთოდები არის და ერთ-ერთ ყოფილ ელჩს უყვარდა ხოლმე თქმა, რომ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არისო. ზუსტად სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული მეთოდებია, როდესაც ტერორიზმს მათ უხსნიან, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალებას. ამის პირდაპირი პრაქტიკული ასახვა ვპოვეთ ჩვენ გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს სხვადასხვა ჯგუფების მოქმედებებში. მათ შორის თქვენ ნახეთ პროფესიონალურად აღჭურვილი მოძალადეები „კასკებით“, ნიღბებით, აირწინაღებით. აი, იმ აირწინაღებით „ენჯეოები“ ახლა, რომ ცდილობენ, რომ დააკნინონ, რომ „პირბადეები ვიყიდეთ, რა მოხდაო?!“. აი, ეს პირბადეები იყო ის აირწინაღები და „კასკები“ თქვენ, რაც იხილეთ გუშინ. პირდაპირ ცდილობდნენ შტურმით აეღოთ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. აი, ამ დანაშაულზე წაიყვანეს ტვინის გამორეცხვით სპეცსამსახურებმა ჩვენი მოქალაქეების მცირე ჯგუფი“, – გააცხადა შალვა პაპუაშვილმა.