მინდა ჩვენს საზოგადოებას მივულოცო ის, რომ შედგა თვითმმართველობის არჩევნები, ის რომ ჩვენი ბრძენი საზოგადოება კვლავ ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი განვითარების მომხრეა და ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს – ეს არის უალტერნატივოდ „ქართული ოცნება“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მან გუშინ განვითარებული მოვლენებიც შეაფასა, როდესაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას.
„ჰქონდათ მცდელობა ძალადობრივად ჩაეგდოთ ხელში ხელისუფლება, დაესხნენ თავს პოლიციას, დაესხნენ თავს სახელმწიფო ინსტიტუციებს, პრეზიდენტის სასახლეს, დაამტვრიეს ინვენტარი, დაწვეს კონკრეტული ქონება და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რეალურად განახორციელეს თვითდამხობა – დაიმხეს საკუთარი მომავალი, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ბედ-იღბალი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნებისმიერ ძალადობაზე, მით უმეტეს ძალადობაზე, რომელიც ეხება სახელმწიფოს და სამშობლოს, პასუხი არის და იქნება პროპორციული, მაგრამ მკაცრი კანონის ფარგლებში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.