შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ბ.ქ., 1997 წელს დაბადებული დ.ქ. და 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ ყალბი დოკუმენტის დამზადება შენახვა – გასაღების და გამოყენების მიზნით.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით , სხვადასხვა სახის ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს , მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.
დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, პერსონალური კომპიუტერები, სპეციალური ტექნიკა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს.