ექიმი, რომელმაც შვედეთში, „სრული არაკომპეტენტურობის“ გამო, სამედიცინო ლიცენზია დაკარგა, ახლა ლიეტუვაში ლეგალურად მუშაობს. ამის შესახებ ვებსაიტ 15min.lt-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტური გამოძიების ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ევროპის მასშტაბით სულ მცირე 130 ექიმი, რომლებსაც ერთ ქვეყანაში სერიოზული დარღვევების გამო (მათ შორის – სექსუალური ძალადობა, წარუმატებელი მკურნალობა და პაციენტის თანხმობის გარეშე მკერდის იმპლანტების ჩადგმა), სამედიცინო პრაქტიკა აეკრძალათ, სხვა იურისდიქციის ქვეშ აგრძელებენ მუშაობას.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ლიბანური წარმოშობის 43 წლის მოჰამად ხალილს ეხება, რომელიც ამჟამად კლაიპედის საუნივერსიტეტო საავადმყოფოსა და პალანგის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მუშაობს. მისი სახელი საავადმყოფოების საჯაროდ ხელმისაწვდომ კონტაქტებში არ ფიგურირებს და ლიეტუვაში მისი პრაქტიკის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.
ხალილი ლიეტუვაში 20 წლის ასაკში ჩავიდა და სამედიცინო განათლება კაუნასში დაასრულა. 2012 წელს მან შვედეთში ექიმის ლიცენზია მიიღო, მაგრამ 2018 წელს შვედეთის ხელისუფლებამ ის გაუუქმა და დაადგინა, რომ იგი „სრულიად არაკომპეტენტური და შეუფერებელი იყო იმისთვის, რომ ექიმად ემუშავა“.
ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ, ხალილმა 2020 წლის დეკემბერში ადგილობრივი სამედიცინო ლიცენზია მოიპოვა, რომელიც დღემდე მოქმედია. ორი წლის წინ მან, ლიეტუვური ნებართვის გამოყენებით, შვედური ლიცენზიის აღდგენა სცადა, მაგრამ შვედეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა მის განაცხადზე უარი თქვეს.
15min.lt-ის ცნობით, ლიეტუვის ჯანდაცვის საქმიანობის სახელმწიფო აკრედიტაციის სამსახურს (VASPVT) შვედეთში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობა, მაგრამ ხალილს ახალი ლიცენზიის აღების უფლება მაინც მისცა.
საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი როლი მხოლოდ იმის შემოწმებით შემოიფარგლება, აქვს თუ არა ექიმს მოქმედი ლიეტუვური ლიცენზია. „ლიცენზიებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“, – განაცხადა კლაიპედის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მენეჯმენტისა და ეკონომიკის დირექტორმა, იურატე გრუბლიაუსკიენემ.
გასულ წელს ხალილი ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის (LSMU) რეზიდენტურაში ჩაირიცხა. უნივერსიტეტმა 15min.lt-ს განუცხადა, რომ მისთვის ხალილის გაუქმებული შვედური ლიცენზიის შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა აღიარა, რომ ასეთ ინფორმაციაზე უკეთესი წვდომის საჭიროება არსებობს.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ სხვა მსგავსი შემთხვევებიც გამოავლინა, მათ შორის ლიეტუველი ექიმის, ვიტაუტას ლიესისის საქმე. გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო ტრიბუნალმა მას ლიცენზია 2024 წელს გაუუქმა, რადგან 2019-2020 წლებში სამ პაციენტს დიაგნოზი ვერ დაუსვა და სახლში მკურნალობის გარეშე გაუშვა. ლიესისმა 15min.lt-ს უთხრა, რომ ლიეტუვის ხელისუფლებას აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა, რადგან ამის ვალდებულება არ ჰქონდა. მას ამჟამად ლიეტუვაში მოქმედი ლიცენზია აქვს, მაგრამ პრაქტიკით არ არის დაკავებული.
გამოძიება ხაზს უსვამს ხარვეზებს ევროპის შიდა ბაზრის საინფორმაციო სისტემაში (IMI), რომელიც ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებს შეჩერებული ან გაუქმებული ლიცენზიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას უნდა აძლევდეს. სისტემა 2016 წლიდან მოქმედებს, მაგრამ ანგარიშგება არათანმიმდევრულია.
ზოგიერთმა ქვეყანამ მხოლოდ ერთეული შეტყობინებები გაგზავნა, სხვებმა კი ათასობით. მაგალითად, სლოვენიამ ერთი შეტყობინება წარადგინა, ლიეტუვამ კი — 3,700. თუმცა, ლიეტუვის ჩანაწერების უმეტესობა უმნიშვნელო ადმინისტრაციულ შეჩერებებს ან გაუქმებებს ეხებოდა, რომლებიც პაციენტთა უსაფრთხოებასთან კავშირში არ იყო.
15min.lt-ის ცნობით, ლიეტუვაში რამდენიმე აქტიური შემთხვევაა, როდესაც ექიმები, რომლებსაც საზღვარგარეთ პრაქტიკის უფლება ჩამოერთვათ, ქვეყნის შიგნით ლიცენზიებს ინარჩუნებენ.