ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2028 წლის არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდება გაჯანსაღებული პოლიტიკური სპექტრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთი უცხოელი აგენტი აღარ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში.
„ჩვენ უკვე 5 ოქტომბრიდან დავიწყეთ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველა მიმართულებით ვემზადებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2028 წლის არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდება გაჯანსაღებული პოლიტიკური სპექტრით. არა ამ სიმახინჯით „ლელოს“, გახარიას ჩათვლით, „ნაცები“, „ახალი“, სხვა პარტიებზე აღარ ვლაპარაკობ, არამედ ჩვენი ქვეყანა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა შეხვდეს სწორედ გაჯანსაღებული ფორმით, ახალი პოლიტიკური სპექტრით. ეს არის მნიშვნელოვანი. უცხოელი აგენტები აღარ უნდა დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში. არც ერთი უცხოელი აგენტი აღარ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას, მათ შორის საკონსტიტუციოსაც. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ვითხოვთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვინ არის უცხოური აგენტურა ქართულ პოლიტიკაში. ამაში შედის ცნობილი 4 პარტია და რამდენიმე მცირე პოლიტიკური გაერთიანება, ვისაც საკუთარი ფესვები აქვს „ნაცმოძრაობიდან“ ან ვინც არის დღევანდელობით დაკავშირებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საერთო დღის წესრიგთან, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს ყველაფერი იქნება თითოეული პარტიის მიმართ დასაბუთებული ჩვენს სარჩელში და შემდეგ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სარჩელი იქნება უტყუარი მტკიცებულებებით გამყარებული, დანარჩენი უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესს. გაჯანსაღება სჭირდება პრინციპულად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას და ამისათვის მთავარი ამოცანაა, რომ უნდა მოვაშოროთ უცხოელი აგენტები, რეზიდენტები ქართულ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.