ეს იყო ჩვენთვის მე-10 საიუბილეო გამარჯვება. 2012 წლიდან მოყოლებული მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად უზრუნველყო ამომრჩევლის მობილიზაცია, რაც იყო პასუხი იმ რადიკალიზმზე, რაც ხდება ქვეყანაში ამ 1 წლის განმავლობაში.
„ეს იყო ჩვენთვის მე-10 საიუბილეო გამარჯვება. 2012 წლიდან მოყოლებული მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები. პირადად მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, 7-ჯერ ვიყავი ჩართული ამ არჩევნებში და ძალიან მიხარია, რომ ყველა არჩევნები დასრულდა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით, არა მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით.
რაც შეეხება ციფრებს, ყველა პარტია არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე. ჩვენ გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო ჩვენთვისვე იმიტომ, რომ ბუნებრივად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობა არის ბევრად უფრო დაბალი. 2021 წელსაც კი, 2020-თან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტოს გაუთანაბრდა თავისი დატვირთვით თვითმმართველობის არჩევნები, იყო სერიოზული კლება 2020-სა და 2021-ს შორის. აქ იყო მოსალოდნელი აქტივობის კლება და ამ ფონზე ჩვენ ავიღეთ, შარშან 1 120 000 ხმა და წელს ავიღეთ 1 105 000 ხმა, 15 000 ხმით ნაკლები, რა არის ცდომილების ფარგლებში. ჩვენ სრულად უზრუნველვყავით ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია, რაც იყო, მათ შორის, პასუხი ამ რადიკალიზმზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ 1 წლის განმავლობაში. იმდენად გამაღიზიანებელია ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ეს პროცესი, რომელიც გარედან არის თავსმოხვეული ჩვენი ქვეყნისთვის, რადიკალიზაცია, სიძულვილის თავსმოხვევა, რასაც აკეთებენ ეს კოლექტიური „ნაცები“ ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამის წინააღმდეგ დაირაზმა ამომრჩეველი, როდესაც გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე 4 ოქტომბერს. ამხელა მაჩვენებელი გვქონდა, პრაქტიკულად გავიმეორეთ წინა არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა თბილისში „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის შედეგზე.
„რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, აქ არის სპეკულაციები. პირველ რიგში, რაც შეეხება აქტივობის დათვლას – აქტივობა, ოფიციალურად, ცესკოს მიერ ითვლება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან, 3.5 მილიონიდან, საიდანაც დაახლოებით 700 000 ცხოვრობს ქვეყნის გარეთ. რეალური აქტივობა, ჩვენს ქვეყანას ახასიათებს ეს სპეციფიკა, უნდა იყოს დათვლილი 2 800 000 ადამიანიდან და იგივე ეხება თბილისსაც.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისში „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის შედეგს – რეალურად, ეს შედეგი არის იმაზე მეტი, ხმათა რაოდენობით, ვიდრე იყო 2014 და 2017 რომ ავიღოთ, ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით იგივე იყო თბილისში მაშინაც, ერთ შემთხვევაში იყო მეტი, ერთ შემთხვევაში იყო 2 000 ხმით ნაკლები. რამდენად უხეში სპეკულაციებია, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მარტივი დემოკრატიის ლოგიკაა, ასეთი ადვილი თუა 215 000 ხმის აღება თბილისში, რატომ ვერ აიღეს? რომ ამაყობს „ლელოს“ კანდიდატი. საპარლამენტო არჩევნები არ აღიარეს და ანალოგიურად ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები აღიარეს, სადაც კონკრეტულად „ლელომ“ აიღო ორჯერ ნაკლები ხმა და გახარიამ აიღო სამჯერ ნაკლები ხმა. 160 000 აიღო წინა არჩევნებზე და ახლა აიღო 50 000 ხმა და „ლელომ“ აიღო 180 000 და ახლა – 90 000 ხმა. ჩატარდა არჩევნები იგივე სტანდარტებით, რაც იყო, ანუ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით, მაშინ არ აღიარეს, ახლა აღიარებენ. ერთ შემთხვევაში ერთ დავალებას იღებენ, მაშინ იყო დავალება, რომ პარლამენტი არ უნდა ეღიარებინათ და ამას უნდა გამოეწვია რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში. თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე რომ რევოლუციას ვერ მოაწყობ, ეს იციან, ამიტომ ურჩევნიათ და მათ პატრონებსაც ურჩევნიათ, რომ ეს პლატფორმა მაინც გამოიყენონ, რაც აქვთ საკრებულოების სახით. საშუალოდ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად გაიყვანა 2-ზე ნაკლები წევრი საკრებულოებში, თუმცა ეს პლატფორმაც არის მათთვის ღირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ არ ვცდები, 26 მანდატი აიღო გახარიას პარტიამ, რითაც გამოჩნდა, რომ „ნაცების“ „ლელოთი“ და გახარიათი ჩანაცვლების პროექტი მთლიანად ჩავარდა. შანსი არ აქვს ამ პროექტს 2028 წლისთვის. ეს იყო ტესტი, რომ გავწიოთ „ნაცები“, „ახალი“, ვინც შედგება მაშინდელი ხელისუფლების სახეებისგან, ეს პარტიები გაწიეს ამ არჩევნებზე და შემოიყვანეს ისეთი პარტიები, რომლებიც ნაკლებად არის დაკომპლექტებული მაშინდელი სახეებით, მათაც ჰყავთ ასეთი სახეები, თუმცა ნაკლებად. ეს პროექტი ჩავარდა, ალბათ გადააწყობენ სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები