საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, 11:00 საათზე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართება.
„იმედინიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრა შედგება მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან და საუბრის მთავარი თემა იქნება 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლების დამხობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. შეხვედრას არ დაესწრება გერმანიის ელჩი და არც საელჩოს სხვა წარმომადგენელი.
„იმედინიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ელჩებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.
სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.