ბექა ჭულუხაძე, რომელსაც სუს-ის ინფორმაციით მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ, ტყეში, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამალული, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ „იმედინიუსს“ მისმა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.
„ამ მომენტისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყანაში არ იმყოფება. მასთან არ მაქვს კომუნიკაცია. მე დამიქირავა ოჯახმა, რომელიც ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმებიან. ოჯახი ამბობს, რომ იარაღი მისი არ არის. გარდა ამისა, კადრები რაც გავრცელდა ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოში გადაღებული არ არის“ , – აღნიშნა ადვოკატმა.
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დღეს წარუდგინა.