ჩვენი ქვეყანა გადაურჩა უდიდეს ტრაგედიას. იმ ტრაგედიას, რომელიც 90-იან წლებში ქართველმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა თბილისის ქუჩებში, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
„საქართველო გადაურჩა ძალადობრივად ხელისუფლების დამხობას, 1 100 000-ზე მეტი ადამიანის ინტერესების უგულებელყოფას, სისხლის ღვრას და რაც ყველაზე მთავარია ის გადაურჩა შემდგომ პროცესებს. ეს შემდგომი პროცესები ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ჩაბმა და ჩართვა მყისიერად იმ ლაბირინთში, საიდანაც საქართველო ვეღარ გამოვიდოდა. ეს არის პირველ რიგში ომი უკრაინაში და ომის პირობებში მეორე ფრონტის გახსნა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელზეც ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს. აღმოჩენილია კონსპირაციული ბინა გლდანში, სადაც უკრაინის მოქალაქე ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, დენის ჟურავლიოვმა ჩაიბარა უკრაინიდან შემოტანილი განსაკუთრებულად დიდი ოდენობის და სახიფათო ნივთიერება თბილისში. „ჰექსოგენის“ საქმის გამოძიების პარალელურად, ნაპოვნია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, მცხეთასა და ბათუმში. საქმეში ფიგურირებენ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები. იკვეთება უკრაინელ ძალოვნებთან კავშირებიც.