კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია “ჰექსოგენის” საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას, რომლის საშუალებითაც, მათივე განმარტებით, უწყებამ ქვეყანას დიდი ტრაგედია აარიდა.
“ქართულ ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ “ჰექსოგენის” საქმე პირდაპირ კავშირშია 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალებასთან.
შეგახსენებთ, რომ “ჰექსოგენის” საქმეზე გუშინ სუს-ის ინფორმაციით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფული, ახლა მიმდინარეობს ამოღებული ნივთმტკიცების მიზნობრიობის შესწავლა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის მოქმედების ფონზე, ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები მეორედ აღარ განვითარდეს.
“რამდენიმე დღის წინ, უსაფრთხოების სამსახურმა მიაგნო იარაღებს, რომელიც ინახებოდა სხვადასხვა ადგილში. ეს არის მოცემულობა და ფაქტი,ეს არის ის, რასაც ვამბობდით, რასაც ამბობდა უსაფრთხოების სამსახური და რასაც ამბობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეს არის მაღალი დონის ერთობლივი ნამუშევარი, უსაფრთხოების სამსახურის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ამით მაინც უნდა დარწმუნდნენ, რომ შემდგომში აღარავინ გაიფიქრონ ასეთი ტიპის ძალადობრივი აქციების ორგანიზება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.