წარმოუდგენელია ვისმენდეთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არაა არჩეული და არის დანიშნული, თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. ზედმეტია საუბარი აქ საერთოდ ევროპულ სტანდარტებზე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ და ეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს [ანიტა ჰიპერი] გახლავთ ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ შეკრებას 4 ოქტომბერს. ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში მე პირადად, ლამის ყოველდღე ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას და მოვუწოდებდი გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას. რეაგირება იყო ნული. დადგა 4 ოქტომბერი, ჩავარდა დამხობა და ახლა პასუხისმგებლობის გაზიარება არ უნდათ.
ორჯერ გააკეთა უკვე წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, ეს ადამიანი პასუხისმგებლობას გაექცეს იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ ის, რომ შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას. ეს განცხადებები არის სიტყვიერი თავდასხმის მაგალითი ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე და ეს უნდა დასრულდეს. წარმოუდგენელია ვისმენდეთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არაა არჩეული და არის დანიშნული, თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. ზედმეტია საუბარი აქ საერთოდ ევროპულ სტანდარტებზე.
პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა მითითებებმა და შედარებებმა რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. – აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდამ. პროპაგანდას რომ ეწევა, გასაგებია, მაგრამ თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს?! გუშინაც დავწერე და დღესაც ვამბობ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსულის ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის შთაგონებული.