მოძალადის გმირად წარმოჩენა – ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლებაა, ვინაიდან თანამედროვე ლიბერალიზმი, ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული გარე ძალების მიერ მზია ამაღლობელის გმირად გამოცხადებას ეხება.
„იდეოლოგია, რომელიც დღემდე მეტ-ნაკლებად მსოფლიოში ბატონობდა, ვგულისხმობ თანამედროვე ლიბერალიზმს, სრულიად დაფუძნებულია ძალადობაზე. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს (მაშინ ყოფილ პრეზიდენტს) როგორ გაუთიშეს წვდომა სოციალურ მედიაზე, როგორ წაშალეს მისი ანგარიშები, როგორც ავრცელებდნენ მასზე დეზინფორმაციას, იმისთვის, რომ გაეჩუმებინათ და დღესაც როგორ ხდება მასზე თავდასხმა სხვადასხვა მეინსტრიმ მედიის მხრიდან, რათა გააჩუმონ და გააჩერონ ახლა როგორც უკვე პრეზიდენტი. ზუსტად ამას ვხედავდით ჩვენ საქართველოსთან მიმართებით, როდესაც თანამედროვე ლიბერალიზმის ვერბალური ძალადობით – ბულინგით, მედიის გამოყენებით, რომელიც ერთი ცენტრიდან კოორდინირდება, როგორ ცდილობენ გააჩუმონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეს. ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი; მოძალადის გმირად წარმოჩენა – ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლებაა, ვინაიდან თანამედროვე ლიბერალიზმი, ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას და ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა იყოს დაჯილდოებული, რათა სხვებმაც დაინახონ, რომ ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. მოძალადეს წარმოაჩენენ გმირად – ეს ეწერება იმ კონცეფციაში, რომელიც თანამედროვე ლიბერალიზმს აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.