ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, მრავალი გამარჯვება მოიპოვა, არასდროს შეეგუა უცხო დამპყრობელს, საბოლოოდ კი დააფუძნა სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს იკავებს საერთაშორისო ასპარეზზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაზე.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს სამიათასწლიან ისტორიაში უმთავრესი ეტაპი ქართველების მიერ ქრისტიანობის მიღებას უკავშირდება, რამაც ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი განსაზღვრა.
„ჩვენი ქვეყნის სამიათასწლიან ისტორიაში უმთავრესი ეტაპი ქართველების მიერ ქრისტიანობის მიღებას უკავშირდება, რამაც ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი განსაზღვრა. ქრისტიანობა სიყვარულისა და ჰუმანიზმის რელიგიაა, რომელიც ქართველის ცნობიერებისთვის ყველაზე ახლობელ მოძღვრებად იქცა. სწორედ ქრისტიანობას უკავშირდება ჰუმანისტური იდეების გავრცელება საქართველოში და ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენი წინაპრების ცივილიზაციურმა არჩევანმა, პირდაპირი გავლენა მოახდინა ჩვენი კულტურული ორიენტირების ჩამოყალიბებაზე, რამაც თავის მხრივ, ჩვენი ეროვნული იდენტობა განსაზღვრა. დროთა განმავლობაში, ქართველობა და ქრისტიანობა ერთმანეთისგან განუყოფელ ცნებებად ჩამოყალიბდა. ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის – ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი, ამაყი ერი, რომელმაც ორიგინალური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი კულტურა შექმნა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას.
„უნიკალური ქართული ფოლკლორი, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, ხუროთმოძღვრების ძეგლები, პოეზია, ქართული ცეკვა, პოლიფონია და ზოგადად, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას. იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე დროსა და სივრცეში არ დაკარგულიყო და თაობიდან-თაობას გადასცემოდა, განსაკუთრებული წვლილი კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენთვის უძვირფასეს და გამორჩეულ ქართველებს შეჰქონდათ, რომლებიც ერთი მხრივ გვინახავდნენ, მეორე მხრივ კი ახალს სძენდნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ ამ უწყვეტობამ, ჩვენში გამჯდარმა ქართულმა კულტურამ და იმისმა რწმენამ, რომ მას დაცვა და გამდიდრება სჭირდება, განაპირობა კიდეც ჩვენი ერის გადარჩენა ყოველთვის, როდესაც საქართველოს რთული დრო ედგა“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლაურეატებს მთელი ერის სახელით ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველა ეპოქას ჰყავს გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ზრუნავენ. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ეს საპატიო მისია იტვირთეთ და ამ საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ! სწორედ ამიტომ, ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაწეული ღვაწლისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დაგაჯილდოოთ. გილოცავთ და კიდევ ერთხელ, მთელი ერის სახელით გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათი რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სსიპ-ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე, მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი და პოეტი ლიანა სტურუა.
კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ა(ა)იპ „თორაძე ფაუნდეიშენის“ დირექტორი, მუსიკოსი ნინო თორაძე, საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკლორისტი გიორგი დონაძე, კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, მომღერალი ნატო მეტონიძე, ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი – თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია, ა(ა)იპ „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი, ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე, სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური ცენტრის“ ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერალი, ფოლკლორისტი ამირან გეთიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ნიკოლოზ მამიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ბიძინა სამხარაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ტარიელ ჯაჭვაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ივანე გოგინაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი და სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების მიმართულების პროფესორი, დირიჟორი გიორგი ჭიჭინაძე.