4 ოქტომბრის დანაშაულებრივ ქმედებებზე 4 დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენების პროცესი კი გრძელდება.
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ადასტურებენ რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დროს ადგილზე იყვნენ, თუმცა უარყოფენ დანაშაულის ჩადენას.
მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალაობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.