რომ არ ემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პრევენციულად, რომ არ ემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის შესაბამის დანაყოფებს, ჩვენს ქვეყანაში გამეორდებოდა 90-იანი წლები, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
„ადამიანები, რომლებსაც უსამშობლოებს ვუწოდებთ ხოლმე და ნამდვილად უსამშობლოები არიან, ძალადობრივი გზით მოახერხებდნენ, რომ დაემხოთ ხელისუფლება, გამოეყენებინათ ის სცენარი, რომელიც კარგად აპრობირებული აღმოჩნდა მაიდანის შემთხვევაში და საბოლოო ჯამში აგენტურა მოვიდოდა ხელისუფლებაში. ის აგენტურა, რომელიც ყველაფერზე მოაწერდა ხელს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასა და ომის ქარ-ცეცხლის დატრიალებასაც კი. რაც გაუკეთებიათ კიდეც წარსულში, 2003-2012 წლებში.
გამზადებული ჰქონდათ და ჰყავდათ ერთის მხრივ, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დამხობის მცდელობას სისრულეში მოიყვანდნენ, ანუ ფიზიკურად შეეწინააღმდეგებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასევე ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ იმ საბრძოლო მასალას, რომელიც გადამალული აღმოჩნდა სხვადასხვა ადგილას. მნიშვნელოვანია კავშირი ჰექსოგენთან დაკავშირებით, რომ ჰექსოგენიც ხომ არ უნდა ყოფილიყო ზუსტად ოქტომბერში გამოყენებული, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ამავდროულად „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს, სხვადასხვა პოლიტიკანებს ჰქონდათ მესიჯბოქსი გამზადებული.
ერთმანეთს ემთხვევა ბევრი მოვლენა. პირველ შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელდასხმით გამოგზავნილი ჰექსოგენი ჩვენს ქვეყანაში, მეორე მხრივ უკრაინაში მებრძოლი კონკრეტული ადამიანი, რომელიც მობილიზებას ახდენს ასაფეთქებელი ნივთიერების და საბრძოლო მასალის. განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის ინტერესის დამაზიანებლად და ის მოვლენები, რომელიც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ისევ და ისევ 2014 წლის მაიდანის გეგმა, რომელმაც იმუშავა და მოხდა რევოლუცია. ეს არის კითხვები, რომელზეც საგამოძიებო სამსახურმა უნდა იმუშაოს და მათი საქმიანობის შემდეგ ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.