„ჩანდლერის ინსტიტუტის“ ანგარიშში კარგი მთავრობის შესახებ, გამჭვირვალობასთან მიმართებაში საქართველოს დაწინაურება ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატო-ს წევრ 29 სახელმწიფოს, ევროპის მასშტაბით კი, საქართველოს მთავრობა მეცხრე ადგილზეა.
„საქართველოს დაწინაურება უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა განკარგულება გახდა საჯარო, შესაბამისად, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ეს ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მთავრობებისთვის, ხოლო გამჭვირვალობა თავადვე აზღვევს ხელისუფლებებს კორუფციის რისკებისგან. ჩვენ ასევე ბიუჯეტის გამჭვირვალობითაც პირველი ვართ მსოფლიოში. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი, ძირეული პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.