დღევანდელი ევროპელი ბიუროკრატების განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ფენს ნათელს, რომ ისინი არ ისვენებენ, ვერ ეგუებიან საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ სიმტკიცეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
იგი ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეხებოდა.
„დღევანდელი ბიუროკრატია იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ არ ერიდება მსგავსი ტიპის განცხადებებს. პირდაპირ აქტივისტებად, მხარდამჭერებად არიან გადაქცეული იმ ექსტრემისტული ძალების, რომლებიც ძალიან ბევრ არასასიამოვნო მოვლენას აყენებენ ჩვენს ქვეყანაში.
დღევანდელი ევროპელი ბიუროკრატების განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ფენს ნათელს, რომ ისინი არ ისვენებენ, ვერ ეგუებიან საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ სიმტკიცეს. მიზანი არის ერთადერთი – ხელისუფლებაში მოიყვანონ მათ დაქვემდებარებაში, მათ აგენტურაში, ვერტიკალში ჩართული ადამიანები, რომლებსაც ძალიან მარტივად შეასრულებინებენ შემდგომ დავალებებს“, – განაცხადა ხელაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ“.