“ჯერ კიდევ სანამ 4 ოქტომბერი დადგებოდა, ხელისუფლება მუდმივად აფრთხილებდა 4 ოქტომბრის გადატრიალება-დამხობის მესვეურებს, რომ ეს გამოიწვევდა მკაცრ პასუხს კანონისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისგან არაერთი გაფრთხილება მიიღეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება.
“ჯერ კიდევ სანამ 4 ოქტომბერი დადგებოდა, ხელისუფლება მუდმივად აფრთხილებდა 4 ოქტომბრის გადატრიალება-დამხობის მესვეურებს, რომ ეს გამოიწვევდა მკაცრ პასუხს კანონისგან. ჩვენ, ყველამ, ვიხილეთ მათი ქმედება პირდაპირ ეთერში, მათი ყველა მოწოდება, მათი ყველა ქმედება, მათი თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე მასში შეჭრის მიზნით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოხდა ის, რაზეც ვსაუბრობდით. კანონი სრული სიმკაცრით ამოქმედდა. ეს წრე საკმაოდ დიდია და პასუხისმგებლობის ხარისხიც უფრო მეტია, ვიდრე წინა შემთხვევებში იყო, როდესაც ხდებოდა პარლამენტის წინ საპროტესტო მიტინგები, რომელიც ძალადობაში გადაიზრდებოდა ხოლმე. აქ იყო კონკრეტული მოწოდება დამხობისაკენ, კონკრეტული მოწოდება პრეზიდენტის სასახლის აღებისაკენ და იყო კონკრეტული ქმედება. ბუნებრივია, შესაბამისი ქმედებაც მოჰყვა ამას კანონისგან,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.