მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველომ შეძლო მდგრადი ეკონომიკური განვითარება – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების გაერთიანებულ შეხვედრაზე გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისას, რეფორმებისა და საინვესტიციო დღის წესრიგის განსაზღვრისას, საქართველო ორიენტირებულია გააძლიეროს და განამტკიცოს დაკავშირებადობის ფუნქცია.
მისი თქმით, ამ დროისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8 პროცენტი ეთმობა კაპიტალურ ხარჯებს, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ელექტრო-გადამცემი ხაზების მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საჯარო სერვისების გამარტივების, ციფრულ რეჟიმში დაბეგვრის, ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიმართულებით.
„დღეის მდგომარეობით, საქართველო გაწევრიანებულია ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემა NCTS-ში, სავაჭრო შეთანხმებები მოქმედებს ევროკავშირთან, ჩინეთთან და საერთო ჯამში 47 ქვეყანასთან და საბაჟო კავშირთან, ძალაშია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება 58 ქვეყანასთან. ამ ყველაფერმა მოითხოვა უზარმაზარი ძალისხმევა. საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში ცვლილებების განხორციელება და ციფრული პლატფორმების შექმნა. ხელშესახები შედეგები იზომება კონკრეტული ინდიკატორებით. საქართველო მე-3 ადგილზეა მარეგულირებელი ჩარჩოთი, მე-14 ადგილზეა საჯარო სერვისებში, მეორეზე – ოპერაციული ეფექტურობით B-Ready კვლევის მიხედვით (რომელიც ჩაანაცვლებს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს) და პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობით”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, ყოველწლიურად 9 პროცენტით იზრდება, რასაც თან ახლავს მიზნობრივთან ახლო ინფლაცია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გაორმაგება, შეინიშნება ეკონომიკის სტრუქტურული ძვრები და ისეთი სერვისების ექსპორტი, როგორიცაა: განათლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტურიზმი.
დაკავშირებადობის გაძლიერების კონტექსტში ფინანსთა მინისტრმა სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებთან საგზაო მაგისტრალის ბოლო მონაკვეთების მშენებლობის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთობლივ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთი ფანჯრის კონცეფციით, რაც მოითხოვს პროცედურების და ინფრასტრუქტურის გამარტივებას. ვემზადებით გადამცემი ხაზების გაფართოებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი – წყალქვეშა ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელების აშენებით. ინვესტიციებს ვახორციელებთ ახალ ღრმაწყლოვან პორტში და ვგეგმავთ ახალი აეროპორტის აშენებას. შუა დერეფანს ყოველთვის ჰქონდა თავისი ნიშა და სწორედ ამიტომ დავიწყეთ მასში ინვესტირება ათწლეულების წინ. იმისათვის, რომ შუა დერეფანი ეფექტურ და სტაბილურ მარშრუტად ჩამოყალიბდეს და იქცეს სხვა მარშრუტების ნაწილობრივ ალტერნატივად, ის მოითხოვს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სამომავლო მხარდაჭერას”, – აღნიშნა ხუციშვილმა.