პარლამენტთან წუხელ შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ, გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტა. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეებმა მოთხოვნა არ შეასრულეს. ნაწილს, კანონის საწინააღმდეგოდ, სახე დაფარული ჰქონდა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა რამდენიმე მონაწილეს ადმინისტრაციული ოქმი გამოუწერეს სახის დაფარვისა და გზის უკანონოდ გადაკეტვის გამო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამიზნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე, სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„როდესაც გამიზნულად აკეთებენ, მიდიან და სჩადიან ამ დანაშაულს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა – შეუძლიათ ნებისმიერ დროს გამართონ ნებისმიერი შეკრება, გააპროტესტონ ნებისმიერი რამ, ოღონდ კანონის ფარგლებში და არ გადავიდნენ ძალადობაზე, არ გადავიდნენ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვაზე, მცირე რაოდენობით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.