ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ არჩევნები კარგად ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ.
მისი თქმით, ახლა არ აქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა.
„ისიც კი მოვისმინე, რომ არჩევნები იყო რთული. მე არ ვარ რომელიმე მაკონტროლებელი საბჭოს ან ორგანოს წევრი, თუმცა მოვისმინე, რომ ხალხი ახლა ძალიან უკმაყოფილოა. არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. თუ არა, მაშინ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. თუ ეს ასე არ არის, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს. და კიდევ, სამწუხაროა, თუ ისინი დაშორდებიან ევროპას, ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“, – განაცხადა მინისტრმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა დაიწყო. განიხილება საქართველოს საკითხიც. მინისტრთა ნაწილი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც ტრადიციულად, ე.წ პოლიტიკურ პატიმრებსა და ქვეყნის საგარეო კურსს ეხება. უცვლელი არიან თავდასხმის ავტორები: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკომისარი მარტა კოსი. ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე ისევ დუმილია.