როდესაც არ ესმით პოლიციის გაფრთხილების, როდესაც დაცლილები არიან მორალისგან, აქ უკვე კანონმა საკუთარი სიტყვა უნდა თქვას და აუცილებლად იტყვის, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა აქციის იმ მონაწილეების ქმედებებზე, რომლებიც გამკაცრებული კანონის მიუხედავად გზის ხელოვნურად გადაკეტვას აგრძელებენ.
„გამორიცხულია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ აიტანოს ხელისუფლებამ, რომ ერთმა მუჭა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დედაქალაქის არტერია, არტერია ცენტრალური გამზირი გადაკეტოს და შეუქმნას პრობლემა მილიონნახევრიან ქალაქს. ამიტომ კანონი გამკაცრდა და ეს მიდგომა აბსოლუტურად სწორია. როდესაც არ ესმით პოლიციის გაფრთხილების, როდესაც დაცლილები არიან მორალისგან, აქ უკვე კანონმა საკუთარი სიტყვა უნდა თქვას და აუცილებლად იტყვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გრძელდება – ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ, პოლიციის მოწოდების მიუხედავად, გზა ხელოვნურად ისევ გადაკეტა. კვლავ უკეთიათ ნიღბები, რომელიც, კანონის მიხედვით, ასევე აკრძალულია.