ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 2029 წლის დასაწყისში ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა უკვე უნდა მიიღოს პირველი ტვირთი და ეს იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
„სწორედ აქედან გამომდინარე სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამხდარიყო პარტნიორი უშუალოდ ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში, რაც არის ძალიან მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის.
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე ფაქტობრივად დავასრულეთ სამობილიზაციო სამუშაოები, უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე. პირველ ეტაპზე ჩვენ მოვაწყობთ მთავარ ინფრასტრუქტურას, რომელიც იქნება საბაზისო ინფრასტრუქტურა და რომელზეც დაშენდება შემდგომ უშუალოდ სატერმინალო აქტივობები.
ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 2029 წლის დასაწყისში ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა უკვე უნდა მიიღოს პირველი ტვირთი და ეს იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, მათ შორის, შუა დერეფანში“, – აღნიშნა მან.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობაზე.
„რაც შეეხება შავი ზღვის კაბელს, რა თქმა უნდა, დიდი და კომპლექსური საკითხია, რომელიც უმთავრესად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის ინდუსტრიის გაძლიერებას. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, რამეთუ ჩვენი მთავარი ამოცანა არის უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. ამისთვის ჩვენ უამრავი ახალი ინიციატივა გვაქვს, რათა პირველ რიგში უზრუნველვყოთ ჩვენი შიდა მოხმარების თვითმყოფადობა და უზრუნველვყოთ, რომ ხელი შევუწყოთ ახალი ჰესების მშენებლობას. პირველ რიგში, ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ.
მეორეს მხრივ, ამის პარალელურად, ჩვენ ძალიან გვჯერა, შავი ზღვის კაბელის და ძალიან გვჯერა, რომ საქართველოს ექნება უმნიშვნელოვანესი როლი. მათ შორის, უზრუნველყოს ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია ევროკავშირში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მათ განაგრძონ ინვესტირება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.