ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ძლიერ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021-2024 წლებში ქვეყანაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10 პროცენტი შეადგინა.
„აღნიშნული დინამიკა მიმდინარე წელსაც გრძელდება – წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდა 7.9 პროცენტს აღწევს. მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია სტრუქტურული ცვლილებებითა და შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდა და ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან შედარებით დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.1 პროცენტი იყო და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ფასების სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება. საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას.
„საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად, იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ეს ასევე ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ქვეყნებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას, რეგიონში სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას და გამარტივებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. სამიტს თბილისი, აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად, წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიებაში, რომელიც სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-ის თანაორგანიზებით იმართება, რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, გლობალური ფინანსური ინდუსტრიის ლიდერები და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.