მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია, ქვეყნის შიგნით ჩავარდნილი სცენარების შემდეგ, მთლიანად საგარეო აქტივობებზე გადადის და სრულ რესურსს ხარჯავენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, ბოლოს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა, თუმცა შეხვედრა შეთანხმების და კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ ვერც არჩევნებისა და ვერც რევოლუციის გზით “ქართულ ოცნებას” ვერ ჩაანაცვლებენ, ამიტომ, ერთადერთ ინსტრუმენტად ვიზალიბერალიზაციის საკითხი რჩებათ.
“გამარგინალიზებულია ოპოზიცია, მათ და მათმა გარე უფროსებმა იციან, რომ არჩევნების გზით “ქართულ ოცნებას” ვერ ჩაანაცვლებენ. რამდენჯერაც რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ, ყველაფერი აღვკვეთეთ და იციან, რომ არალეგიტიმური გზითაც “ქართულ ოცნებას” ვერ ჩაანაცვლებენ. ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ეს ინსტრუმენტი, ვიზალიბერალიზაცია და რატომღაც, მათი გარე უფროსების დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ გადაიხედოს ვიზალიბერალიზაცია”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
