ნიკოლა სარკოზის კერძო საპატიმრო საკნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ პოლონეთში შედარებები გამოიწვია: არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სტუდენტები, ხშირად, ბევრად უარეს პირობებში ცხოვრობენ.
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, საპატიმრო სასჯელის მოსახდელად, საკუთარი სახლიდან პარიზის საპყრობილეში გადაინაცვლა, საერთაშორისო მედია მას ყურადღებით აკვირდებოდა. საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პენიტენციურ დაწესებულებაში, ლა სანტეს ციხეშია მოთავსებული.
გამოცემა „ლე მონდის“ ცნობით, სარკოზი რამდენიმე თვეს ცხრა კვადრატული მეტრის ფართობის ერთადგილიან საკანში გაატარებს, რომელიც აღჭურვილია საშხაპით, პატარა ღუმელით, მაცივრითა და სტაციონარული ტელეფონით, რომლის ნომერი უკვე ოფიციალურად არის დამტკიცებული. ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური რეალურად მოიხდის პატიმრობას.
ყოფილი პრეზიდენტი ციხის სპეციალურ ფრთაში იმყოფება, სადაც მას წვდომა აქვს ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზზე, ასევე გააჩნია კერძების თავად მომზადების შესაძლებლობა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის რაიმე განსაკუთრებულ მოპყრობას არ ითხოვს.
ამ ამბავმა სწრაფად მიიპყრო ყურადღება საფრანგეთის საზღვრებს მიღმა. უდიდესმა ურბანულმა მოძრაობამ პოლონეთში სახელწოდებით, „ქალაქი ჩვენი გვეკუთვნის“ (Miasto Jest Nasze) სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ბევრი პოლონელი სტუდენტი სიამოვნებით იცხოვრებდა ისეთ პირობებში, როგორიც ნიკოლა სარკოზის ციხეში აქვს.
პოლონეთში სტუდენტური საცხოვრებლის სტანდარტები დასავლეთ ევროპის სტანდარტებს ხშირად ჩამორჩება. ხშირია შემთხვევა, როდესაც სამი ან ოთხი სტუდენტი იზიარებს ერთ ოთახს, ხოლო საერთო სააბაზანოები დერეფანშია განთავსებული.
საერთო საცხოვრებელში ადგილების მუდმივი დეფიციტი ბევრ სტუდენტს აიძულებს, კერძო ბინა დაიქირავოს, რაშიც ისინი, ხშირად, თვეში რამდენიმე ასეული დოლარის ეკვივალენტს იხდიან, რაც მაღალი ფასია ისეთ ქალაქების კვალობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ვარშავა ან კრაკოვი.
სტუდენტური კავშირების ანგარიშები მიუთითებს, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში საერთო საცხოვრებლის პირობები კომუნისტური ეპოქის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა – იქ ისევ მოძველებული ავეჯი დგას, ხოლო სამზარეულოებსა თუ სამრეცხაო სერვისებზე წვდომა შეზღუდულია.
https://www.polskieradio.pl/395/7789/Artykul/3597980

