პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულებს ჩაიდენენ, 30 წლის განმავლობაში მოუწევთ, თანამდებობის პირისთვის გათვალისწინებული დეკლარაციები შეავსონ.
„აღნიშნული პირების უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და კანონით გათვალისწინებული წესით, გადარიცხვებით მიღებული სარგებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია საჯარო იქნება და დაექვემდებარება როგორც შესაბამისი ორგანოების, ასევე, საზოგადოებრივ კონტროლსაც. თუ პირები მიიჩნევდნენ, რომ თანხას მიითვისებდნენ და სასჯელის მოხდის შემდეგ მას პირადი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ, ახლა ამის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
