საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”უკანასკნელ პერიოდში არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მისდამი ეპარქიული კომისიის მიერ დასმული საკითხების კონტექსტში ხშირად ახსენებს ჩემს სახელს.
იგი გამუდმებით იმეორებს, რომ მე ვიბარებ მას კომისიაზე, მსურს მისი დასჯა და ა.შ. თითქოს პირადად მე მაქვს მასთან რაიმე პრობლემა და არა კომისიას. ასეთი რიტორიკით კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. იგი საკმარისად განსწავლულია იმისათვის, რომ იცოდეს: მე არავის დასჯის უფლება არ მაქვს! სხვათა შორის, არც სურვილი მაქვს, ვიყო მსგავსი საქმით დაკავებული.
ვფიქრობ, ეს ერთგვარი შეგნებული მცდელობაა პრობლემის დამცრობისა, პერსონალიზებისა და ვიწრო ჭრილში გადაყვანისა. მისი პრობლემა კი გულისხმობს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს, რომელთაც მან კომისიაზე უნდა უპასუხოს; რა შუაში ვარ აქ მე?
ის ამბობს, რომ ჩვენს ეკლესიას დღესაც რუსეთი მართავს; ეთანხმება აზრს, რომ ეგზარქოსები არიან მმართველები; ირწმუნება, რომ ეკლესიას 4 ოქტომბერს სისხლის დაღვრა სურდა. ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებზეც სთხოვს მას პასუხის გაცემას კომისია. ამიტომ არ უნდა შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს ქვეყნის გადარჩენისთვის თავდადების გამო ებრძვის ვინმე და ესაა მიზეზი მისი კომისიაზე დაბარებისა.
ზედმეტად პრიმიტიული ხრიკია, ასეთი მძიმე ბრალდებები არსებობდეს კომისიის მხრიდან და აცხადებდე, პატრიოტიზმისთვის ცდილობს ჩემს დევნას ერთი ადამიანიო.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ინტერვიუში მას მოვუწოდე, ნუ ძალადობს და მორალური სიმაღლიდან ნუ გვასწავლის ჭკუას, ამას თავად მამა დოროთეს მრავალი გამონათქვამი მოწმობს. იგი თავად ყოფს საზოგადოებას ბნელ და ნათელ მხარეს მდგომებად, მოაზროვნეებად და არამოაზროვნეებად; ცდილობს, მორალურად დამცრობილად წარმოაჩინოს ის სასულიერო პირები და იერარქები, ვინც მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს და ვინც არ ფიქრობს მასავით.
სხვათა შორის, შევახსენებ მამა დოროთეს, რომ პატრიარქმა არჩევნებში მონაწილეობაც მიიღო და გამარჯვებაც მიულოცა პარტიას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. ამიტომ ამ მხრივაც უხერხულია საზოგადოების მისეული დაყოფა ნათელსა და ბნელში მყოფებად. პირადი პოლიტიკური შეხედედულებები, რა თქმა უნდა, მამა დოროთესაც შეიძლება ჰქონდეს, ოღონდ კორექტულადაა საჭირო საკუთარი აზრის გამოთქმა, კულტურული ადამიანი ამას უნდა ახერხებდეს.
პირველ შეხვედრაზე სწორედ ეს აღვნიშნე და ვუთხარი არქიმანდრიტ დოროთეს, რომ თავისი აზრი და შეფასებები კორექტულად, სხვისი მორალურად დამუნათების მცდელობის გარეშე გამოეთქვა.
ამ საუბრის ფრაგმენტების გასაჯაროებისასაც არაფერი მიანიშნებდა, რომ მამა დოროთე პოლიტიკური ცენზურისთვის დაიბარეს საპატრიარქოში. თუმცა მას შემდეგ იგი მაინც ამტკიცებს: არ უთქვამთ ეს, მაგრამ ამისთვის დამიბარესო. თუ არ უთქვამთ, რატომ ამტკიცებს საპირისპიროს და რატომ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, გაუგებარია.
ადრე თუ გვიან საზოგადოება ალბათ სრულ ჩანაწერსაც გაეცნობა და აღარავის დარჩება სპეკულაციის საფუძველი.
მე კი მამა დოროთეს მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ და ვადასტურებ, რომ არანაირი პირადული ინტერესი მის მიმართ არ გამაჩნია.”
უკანასკნელ პერიოდში არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მისდამი ეპარქიული კომისიის მიერ დასმული საკითხების კონტექსტში ხშირად…
Posted by Andria Jagmaidze on Monday, October 27, 2025
