„როგორ უნდა დაამახსოვრო თავი ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას, რა უნდა შესთავაზო ამომრჩეველს, მაშინ, როცა ცნობადი სახეები ტოვებენ პარტიას და მისი ლიდერიც კი იმალება, როგორც ლენინი იმალებოდა შვეიცარიასა და გერმანიაში,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, როცა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაგუნდელების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პარტიას, რომლის წევრები მის რიგებს ტოვებენ და მეტიც, ლიდერი ემიგრაციაში იმყოფება, რეალურ ოპოზიციად გადაქცევის შანსი არ აქვს. ქართველიშვილის თქმით, საზოგადოებას ამ ადამიანების მიმართ ნდობა არ აქვს.
„ამ თორმეტი კაციდან და ქალიდან, რომელიც გახარიას გუნდს შემორჩა, ყველაზე ცნობადი იყო ქალბატონი რუსუდან თევზაძე, რომელმაც პირადი მოსაზრებების გამო, უარი თქვა თავის მანდატზე. ვხედავთ, როგორი ტურბულენტური პროცესები მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების ამ სტადიაზეც კი.
როგორ უნდა დაამახსოვრო თავი ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას, რა უნდა შესთავაზო ამომრჩეველს, მაშინ, როცა ცნობადი სახეები ტოვებენ პარტიას და მისი ლიდერიც კი იმალება, როგორც ლენინი იმალებოდა შვეიცარიასა და გერმანიაში. რა პერსპექტივა უნდა ქონდეს პარტიას, როცა ლიდერი ემიგრაციაშია და არც კი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას.
ამ მოცემულობაში არ შეიძლება ვილაპარაკოთ ამ პარტიაზე, როგორც რეალურ ოპოზიციაზე – ეს სულ სხვა ტაშია. ამ 12 ადამიანს ტაშს ვერ დავუკრავ. მათ შესვლას პარლამენტში, თვითგადარჩენის გარდა, არავითარი აზრი არ აქვს. ისინი ხედავენ, რომ მათი სიტუაციური კოლეგები ტოვებენ პოლიტიკურ ველს – ზოგი ნებაყოფლობით და ზოგსაც ამის გაკეთება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს. ასეთ ვითარებაში, ისინი ხავსს ეჭიდებიან და სურთ საქართველოს პოლიტიკურ ველზე საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნონ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა
