ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა ევრონესტის სამიტში.
მისი თქმით, სანამ ეს ორგანიზაცია არ დაუბრუნდება თავის ძირეულ ღირებულებებს, პრინციპებს და ფასეულობებს, რაც არის დიალოგი და ურთიერთპატივისცემა, ხელისუფლებას სამიტში მონაწილეობა გაუჭირდება.
„როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები ევრონესტის პლატფორმას იყენებენ საქართველოზე შანტაჟისთვის, აძლევენ ამ სივრცეს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში აწყობდნენ ხელისუფლების დამხობას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივიღებდით ასეთ ასამბლეაში ამჯერად მონაწილეობას.
საქართველოსთან ერთად სხვადასხვა მიზეზით არც აზერბაიჯანი, არც მოლდოვა იღებს მონაწილეობას და ბელარუსიც იცით, რომ გაგდებული ჰყავთ ორგანიზაციიდან. სანამ ეს ორგანიზაცია არ დაუბრუნდება თავის ძირეულ ღირებულებებს, პრინციპებს და ფასეულობებს, რაც არის დიალოგი და ურთიერთპატივისცემა, გაგვიჭირდება მასში მონაწილეობა“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილობით აცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში გამართულ ევრონესტის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
