ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა ევრონესტის სამიტში.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სამიტს ხელმძღვანელობს რასა იუკნევიჩიენე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია.
„ბატონმა [ლევან] მახაშვილმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ახსნა, თუ რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას [ევრონესტის სამიტში]. ჯერ ერთი, ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ქალბატონი რასა [იუკნევიჩიენე], რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია. ასევე მათ „ენჯეოს“ კვოტით შეყვანილი ჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპი, ქალბატონი [თინა] ბოკუჩავა.
სცენებს დგამენ, რომ თითქოს „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები არიან. ეს ყველაფერი გაგრძელებაა არასერიოზული დამოკიდებულების და ჩვენ არ ვაპირებთ სპექტაკლში მონაწილეობას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
