ეს ამ თემაზე პირველი განცხადება არ არის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. იგი ამგვარად გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილს, რომელშიც დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.
„გვახსოვს,სპეციალური კომისიის მიერ საქართველოში საკითხების შესწავლის შემდეგ საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა გააკეთეს ასეთი განცხადებები, რომ საქართველო არ არის „შავი ხვრელი“, როგორც მას უწოდებდა ზოგიერთი ბედოვლათი ვითომ პოლიტიკოსი, საიდანაც ხდება აკრძალული პროდუქციის მიწოდება რუსეთისათვის.
სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა საქართველოში არასდროს ყოფილა დაშვებული და საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო საქართველომ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ახლაც იგივე შეფასება მეორდება და არაერთი შეფასება და რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მაღლაც დგას მოწინავეთა რიგებში“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა.
ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
