თურქეთში, სტამბოლში, გერმანიიდან სამოგზაუროდ ჩასული ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა – ჯერ დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მამაც გარდაიცვალა.
თავდაპირველად საქმეზე 11 პირი იყო დაკავებული, რომელთაგან ნაწილი გაათავისუფლეს. ამ დროისთვის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი, მათ შორის არიან ე.წ. სთრით ფუდის მოვაჭრეები.
გერმანიიდან სტამბოლში დასასვენებლად ჩასული ბოჯეკების ოჯახი სრულად განადგურდა. ყველაფერი 12 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ფათიჰის რაიონში მდებარე სასტუმროში მშობლებმა, 27 წლის ჩიგდემმა და 38 წლის სერვეტ ბოჯეკმა, შვილები, 6 წლის ქადირი და 3 წლის მასალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მცირეწლოვნები მალევე დაიღუპნენ. ორი დღის შემდეგ, დაიღუპა დედაც, გუშინ კი, სტამბოლის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის, აბდულა ემრე გიუნერის განცხადებით, მიუხედავად ყველა სამედიცინო ჩარევისა, მამა, სერვეტ ბოჯეკიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახის მოწამვლა, რომელიც თავდაპირველი ვერსიის მიხედვით ორთაქოიში მირთმეულ ქუჩის საკვებს უკავშირდება, ფართომასშტაბიანი გამოძიების საგანი გახდა. სამართალდამცავებმა დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომელთაგან ოთხი – მიდიების გამყიდველი ი. დ., ლუქუმის მაღაზიის მეპატრონე ფ. თ., ქოქორეჩის გამყიდველი ე. ე. და კაფეს მფლობელი ფ. მ. ო. – სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
სასამართლომ ოთხივეს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მათ ბრალი ედებათ “გაუფრთხილებლობით რამდენიმე პირის გარდაცვალების საქმეში“. პროკურატურის განცხადებით, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები.
თუმცა, საქმეში რამდენიმე სირთულეა: ქოქორეჩისა და მიდიების დახლიდან აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად მოხმარებისთვის ვარგისად იქნა მიჩნეული. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ვინაიდან გარდაცვალება მოწამვლიდან დაახლოებით 1,5 დღეში დადგა, აღებული ნიმუშები შესაძლოა, არ იყოს იდენტური იმ პროდუქტებისა, რომელიც ოჯახმა უშუალოდ მიირთვა.
ექსპერტიზა ჯერ დასრულებული არ არის. სასამართლომ დაპატიმრების გადაწყვეტილება საქმის სიმძიმისა და საზოგადოებრივი ვნებათაღელვის გათვალისწინებით მიიღო, რადგან ნებისმიერი ალტერნატიული ზომა არასაკმარისად ჩათვალა. გამოძიება კი კვლავ გრძელდება.
წყარო: ამბები
