18 ნოემბერს, აშშ-დან დეპორტირებული უკრაინის 50 მოქალაქე, პოლონეთის საზღვარზე მდებარე შეგინის გამშვები პუნქტის გავლით, სამშობლოში დაბრუნდა.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განუცხადა.
„დღეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინის 50 მოქალაქე გამოაბრუნეს. მათ უკრაინის მოქალაქეობის ან დაბრუნების უფლების დამადასტურებელი საბუთები წესრიგში აქვთ“, – აღნიშნა მან.
სპიკერის თქმით, უკრაინას შეერთებული შტატებისგან წინასწარ ჰქონდა მიღებული ინფორმაცია უკრაინული წარმომავლობის მოქალაქეთა ნაწილის ტრანზიტულად, პოლონეთის გავლით დეპორტირების განზრახვის შესახებ, რაც საერთაშორისო სამართლის დებულებებს შეესაბამება.
დემჩენკომ ასევე განმარტა, რომ მესაზღვრეებმა ისინი, „კანონით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, უკრაინაში შესასვლელად“ გაატარეს.
„უკრაინა თავის მოქალაქეებს ნებისმიერ შემთხვევაში იღებს. ჩვენ ასევე ვიკვლევთ იმ გარემოებებს, რამაც მათი იძულებითი გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა“, – დასძინა მან.
უფრო ადრე, გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა მრავალი უკრაინელის დეპორტირებას, რომელთა სახელზეც სამშობლოში დაბრუნების საბოლოო ორდერი იყო გამოწერილი.
უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ საელჩოს აქვს ინფორმაცია „უკრაინის 80-მდე მოქალაქის“ შესახებ, რომლებმაც, „აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევის გამო“, გაძევების საბოლოო ორდერი მიიღეს. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება დეპორტირების განსახორციელებლად, „უკრაინაში პირდაპირი საერთაშორისო ავიარეისების არარსებობის გათვალისწინებით“, ლოჯისტიკურ საკითხებზე მუშაობდა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, აშშ-ის მთავრობა უკრაინაში 41 წლის რომან სუროვცევის დეპორტირებას გეგმავდა. მისი ადვოკატები აცხადებდნენ, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახური (ICE) „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ უკრაინის მოქალაქეების დეპორტირებას აპირებდა და დაკავებულებს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ 17 ნოემბერს „სამხედრო რეისებით უკრაინაში ან პოლონეთში“ ჩაიყვანდა.
„ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ სუროვცევი საბჭოთა პერიოდში დაიბადა და მისი მოქალაქეობის საკითხი ათწლეულების განმავლობაში გაურკვეველი იყო. აშშ-ში ის 4 წლის ასაკში ლეგალურად ჩავიდა და ამ ქვეყნის მუდმივი მცხოვრები (permanent resident) გახდა. თინეიჯერობისას, სუროვცევს კანონთან პრობლემები შეექმნა და კალიფორნიის ციხეში 11 წელზე მეტი გაატარა. 2014 წელს სასამართლომ მისი დეპორტირების ბრძანება გასცა, თუმცა უკრაინამ და რუსეთმა მის მიღებაზე უარი თქვეს. ICE იძულებული გახდა, სუროვცევი გაეთავისუფლებინა, რადგან აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2001 წელს დაადგინა, რომ დაკავებულების განუსაზღვრელი ვადით პატიმრობაში ყოფნა არ შეიძლება.
2025 წლის აგვისტოში სუროვცევი კვლავ დააკავეს ტრამპის მიერ დაწყებული კამპანიის ფარგლებში, რომელიც არალეგალი მიგრანტების, მათ შორის წარსულში გათავისუფლებული პირების, მასობრივ დეპორტაციას ითვალისწინებდა.
ოქტომბერში სუროვცევმა ტეხასში, გათავისუფლების მოთხოვნით, ფედერალური სარჩელი შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მისი დეპორტაცია არაკანონიერი იქნებოდა. მან ასევე მიაღწია კალიფორნიაში მოტოციკლის ქურდობისთვის გამოტანილი განაჩენის გაქარწყლებას და ლეგალური სტატუსის აღდგენის იმედით, საიმიგრაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვა სთხოვა. 31 ოქტომბერს მოსამართლე ჯეიმს ჰენდრიქსმა მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ დეპორტირების ორდერი „კანონიერია“ და თუ უკრაინა მის მიღებაზე უარს იტყოდა, სუროვცევის დეპორტირება, შესაძლოა, რუსეთში ან მესამე ქვეყანაში მომხდარიყო.
კიდევ ერთმა დაკავებულმა უკრაინელმა, ანდრი ბერნიკმა „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა: „საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ ჩარტერული რეისით პოლონეთში ჩამიყვანდნენ, სადაც ჩემს თავს უკრაინის ხელისუფლებას გადასცემდნენ, რომელიც უკრაინაში წამიყვანდა“. ბერნიკის თქმით, შეერთებულ შტატებში ის 1990 წელს, 13 წლის ასაკში, სსრკ-დან ჩავიდა, როგორც ებრაელი ლტოლვილი. მან დასძინა, რომ ჰქონდა „მწვანე ბარათი“ (green card) და ცდილობდა უკრაინის პასპორტის აღებას, მაგრამ ეს ვერასდროს შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ბერნიკი, ათ წელზე მეტი ხნის წინ, მეორე ხარისხის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. ის მიიჩნევს, რომ დეპორტირებას იმსახურებს, მაგრამ არა საომარ ზონაში.
ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეთა ჯგუფის დეპორტირების შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა გაავრცელა. გაძევებული პირების უკრაინის საზღვარზე ჩასვლის ფოტოები სააგენტომ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გამოაქვეყნა. სურათებზე ჩანს სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის (SBGS) თანამშრომლები. ამერიკულ სააგენტოს სხვა დეტალები, მათ შორის დეპორტაციის საფუძვლები და ხალხის რაოდენობა, არ დაუკონკრეტებია.
თავის მხრივ, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-დან უკრაინელების მასობრივი დაბრუნების ფაქტებს არ აფიქსირებენ.
https://suspilne.media/1167832-do-ukraini-povernulisa-50-ukrainciv-deportovanih-zi-ssa/
