უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირმა რუსეთიდან 124 მილიარდი ევროთი მეტი ღირებულების საქონლისა და ენერგორესურსების იმპორტი განახორციელა, ვიდრე უკრაინას დახმარება გაუწია.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის წინ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროპამ უკრაინას, ჯამში, 187 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია.
„ამავე პერიოდში ჩვენ 201 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი განვახორციელეთ. ხოლო თუ ამას სხვა იმპორტირებულ საქონელსაც დავუმატებთ, მთლიანი თანხა 311 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინის მიმართ 124 მილიარდი ევროს ოდენობის უარყოფითი მხარდაჭერა გვაქვს. ეს, უბრალოდ, სირცხვილია“, – განაცხადა მან.
სტენერგარდის თქმით, ახლა ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს, მაგრამ „გონივრული სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შედგება, თუ უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას არ გავზრდით“.
„ბევრი საუბარია სხვადასხვა მოლაპარაკებაზე. ამავდროულად, შვედეთს თავის გეგმაში მხოლოდ ორი პუნქტი აქვს: უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. ეს არის ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რათა სიტუაცია შეიცვალოს და რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოუნდეს, რადგან სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა არ სურს“, – თქვა მან.
მინისტრის აზრით, უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად „ძალიან კარგი დასაწყისი“ იქნებოდა გაყინული აქტივების გამოყენება.
შვედი მინისტრის მიერ დასახელებული ციფრები, ევროკავშირის სტატისტიკის თანახმად, უკრაინისადმი ევროკავშირის მთლიან დახმარებას ასახავს, მათ შორის ფინანსურს, ჰუმანიტარულს, სამოქალაქოსა და სამხედროს. რუსეთიდან იმპორტის შესახებ მონაცემები ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ არის მოწოდებული.
სტენერგარდი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე უკრაინის დახმარების შესახებ მონაცემების ამსახველი პლაკატით მივიდა.

