სექტემბერში, მთელი ევროპის მასშტაბით, სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვებმა ოდნავ მოიმატა. თუმცა, ესტონეთში საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა – ამ ქვეყანაში, ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს შორის, ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ესტონელები, უკვე მესამე წელია, ნაკლებ და იაფფასიან საკვებს მიირთმევენ. ამ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა „დელფი“ (Delfi) ავრცელებს.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის სექტემბერში, 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ევროკავშირში სურსათის, სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის საცალო ვაჭრობის მოცულობის ინდექსი 0.5 პროცენტით გაიზარდა, ევროზონაში ზრდამ კი 1 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა კვიპროსში, სადაც გაყიდვების მოცულობა 10.4 პროცენტით არის მომატებული. მას მოსდევს ესპანეთი (4.5 პროცენტი)და მალტა (4.4 პროცენტი). ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა ესტონეთში, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი საქონლის გაყიდვების მოცულობა 4.8 პროცენტით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ სამ წელზე მეტია, რაც ესტონეთში საცალო გაყიდვები მცირდება. ესტონეთის მოვაჭრეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნელე პეილის შეფასებით, ეს უკვე დროებითი რყევა კი არა, არამედ გრძელვადიანი და შეუქცევადი ტენდენციაა.
პეილის განცხადებით, ზოგადად, ხალხი ნაკლებ საკვებს ყიდულობს და სულ უფრო ხშირად ირჩევს იაფ და ფასდაკლებულ პროდუქტებს. „ხალხი, უბრალოდ, ნაკლებს ჭამს,“ – აღნიშნა მან.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გაყიდვების ვარდნას შესუსტებულ მსყიდველობით უნარსა და მომხმარებელთა დაბალ ნდობას უკავშირებს. ეს უკანასკნელი ფაქტორი (მომხმარებელთა ნდობა) ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სწორედ ესტონეთში, სადაც უარყოფითი მოლოდინი საზოგადოებაში დიდი ხანია შენარჩუნებულია.
მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებმა „დელფის“ დაუდასტურეს, რომ მომხმარებლები ნაკლებ საკვებს ყიდულობენ, ეძებენ ფასდაკლებულ პროდუქტებს, მათ შორის ისეთ საკვებს, რომელსაც ვარგისიანობის ვადა გასდის, მაშინ როცა მაღალი ფასები ნარჩუნდება სხვადასხვა მასალაზე, ენერგომატარებლებსა და შრომის ხარჯებზე.
https://news.err.ee/1609862667/estonians-have-started-to-buy-less-food
