ლიეტუვის სასამართლომ 2024 წელს, ვილნიუსში, „იკეას“ მაღაზიაში მომხდარი ხანძრის საქმეზე უკრაინელ მამაკაცს სამი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურორების განცხადებით, დანაშაული რუსეთის დაზვერვის დავალებით არის ჩადენილი.
დანიილ ბარდადიმი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს 17 წლის იყო, 2024 წლის 13 მაისს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან რამდენიმე დღით ადრე (9 მაისს) ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში „იკეას“ მაღაზიას წაუკიდა ცეცხლი.
ვილნიუსის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, სონატა რაუპენაიტე-ლეკარაუსკიენემ, განაჩენის გამოცხადებისას, აღნიშნა, რომ ბარდადიმს ბრალი წაყენებული ჰქონდა „ვილნიუსში, „იკეას“ სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის გზით ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის“, ასევე ქალაქ შიაულიაიში, სადაც ნატო-ს საჰაერო ბაზაა განთავსებული, „ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის“.
ბარდადიმი ასევე მსჯავრდებულია ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო ფლობისა და ტერორისტული აქტების ჩადენის განზრახვით ლიეტუვაში შესვლისა და ლატვიაში გამგზავრებისთვის.
საქმის მასალების მიხედვით, 2024 წლის 8 მაისს „იკეას“ მაღაზიაში საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. ის ღამით ამოქმედდა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს ისე, რომ არავინ დაშავებულა.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენი 20 წლამდე ასაკის ორი პირი იყო. ორივე მათგანი უკრაინის მოქალაქეა.
თავდასხმის ორგანიზატორების დადგენა გრძელდება.
