სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800 კი დაკარგულად ითვლება.
მედიის ინფორმაციით, იმ რეგიონებში, სადაც დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება, სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, შრი ლანკაში სტიქიას, სულ მცირე, 366, ინდონეზიაში – 604 და ტაილანდში 176 ადამიანი ემსხვერპლა.
მაშველები ინდონეზიაში – 464, შრი ლანკაში კი 367 დაკარგულს ეძებენ.
შრი ლანკის ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა სახიფათო ზონებიდან 218 000 ადამიანი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
მუსონურმა წვიმებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რამაც ინდონეზიაში, მალაიზიაში, ტაილანდსა და შრი ლანკაში მილიონობით ადამიანი დააზარალა.
