ამ პერიოდის მანძილზე, რაც ეს აქციები მიმდინარეობს, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა და არც იმ კლინიკებში, ოფიციალურად არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო მოწამვლასთან ასოცირებული პრობლემა, – განაცხადა ტოქსიკოლოგმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტოქსიკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ეკა ქურდაძემ.
ქურდაძე გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის დროს სამართალდამცავებმა აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
ექიმი-ტოქსიკოლოგი აცხადებს, რომ დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს პაციენტი და ჩივილების მიხედვით უნდა დაინიშნოს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, რის საფუძველზეც მზადდება დასკვნა. ზოგადად იმაზე საუბარი, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე და რისი გამოწვევა შეუძლია, მისივე თქმით, ადვილი სადიაგნოსტიკო არ არის.
„მოგეხსენებათ დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს კონკრეტული პაციენტი, კონკრეტულ ადგილზე, თავისი ჩივილების გათვალისწინებით და თუ რაიმე სპეციფიკური ან არასპეციფიკური ლაბორატორიული კვლევები ამის შესახებ არსებობს, ამის საფუძველზე უნდა გამოვიდეს დასკვნა. ასე ზოგადად, რა ნივთიერებას რა შეუძლია, რისი გამოწვევა – შეიძლება ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებასთან გვქონდა საქმე, ასე მარტივი სადიაგნოსტიკო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ამ კუთხით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პაციენტი კონკრეტულად არ მინახავს არც მე და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს, ტოქსიკოლოგს, მსგავსი დიაგნოზი არც ერთ შემთხვევაზე არ გამოუტანია“, – განაცხადა ეკა ქურდაძემ.
