ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ფინეთი არ არის მზად, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს. ინფორნაციას ამის შესახებ ფინური მედია ავრცელებს.
ნაცვლად, ფინეთი ემზადება, რომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის უსაფრთხოების მოწყობაში.
ორპომ ეს კომენტარები გააკეთა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ჟურნალისტებმა ლიდერებს ჰკითხეს, მიიღეს თუ არა დეტალები შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე და ჰგავს თუ არა ისინი ნატოს მე-5 მუხლს.
მე-5 მუხლი ალიანსის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპია. ურთიერთდაცვის ეს დებულება განსაზღვრავს, რომ ნატოს ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ყველა მის წევრზე თავდასხმად განიხილება.
თუმცა, ორპომ თქვა, რომ ფინეთს არ უნახავს არანაირი დეტალი ან ზუსტი წინადადება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მოწყობაზე მუშაობა გაგრძელდებოდა და ეს სრულიად განსხვავებული საკითხია უსაფრთხოების გარანტიებისგან.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ცხადია, რომ პრაქტიკაში, საბოლოო უსაფრთხოების გარანტიებს დიდი ევროპული ქვეყნები და შეერთებული შტატები განსაზღვრავენ.
„ამ საკითხზე ჩვენ არანაირი მსჯელობა არ გვქონია. არ ვიცი, რატომ იყო ფინეთი მოხსენიებული ამ დოკუმენტში. უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების გარანტია არის რაღაც ძალიან, ძალიან სერიოზული. ჩვენ მზად არ ვართ უსაფრთხოების გარანტიები გავცეთ, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ უსაფრთხოების მოწყობაში. მათ შორის სხვაობა უზარმაზარია“, – თქვა ორპომ.
