გერმანული გამოცემის, „შპიგელის“ ცნობით, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უღალატოს უკრაინას.
როგორც „შპიგელი“ წერს, საუბარია სატალეფონო საუბარზე, რომელიც პირველ დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის პრეზიდენტი, უკრაინის ლიდერი და სხვები. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტენოგრამაში ევროპელი ლიდერები განიხილავენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმიდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს.
„არსებობს შესაძლებლობა, რომ აშშ უაღალატებს უკრაინას ტერიტორიების საკითხზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სიცხადის გარეშე“, – აცხადებს გავრცელბულ ჩანაწერში მაკრონი. მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისთვის უდიდესი საფრთხე არსებობს. ამასთან, ელისეს სასახლეში „შპიგელს“ უთხრეს, რომ მაკრონს სიტყვა „ღალატი“ არ გამოუყენებია.
გარდა ამისა, „შპიგელის“ მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის სტენოგრამიდან ირკვევა, რომ გერმანიის კანცლერმა ურჩია ზელენსკის, მომდევნო დღეებში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს. „ისინი გვეთამაშებიან. თქვენც და ჩვენც“, – ამბობს მერცი. გერმანიის კანცლერის პერსსპიკერმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრებიდან ამონარიდებზე კომენტარს არ გააკეთებს.
„შპიგელის“ სტენოგრამაში არის ფინეთის პრეზიდეტი სტუბიც, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ეთანხმება გერმანიის კანცლერს და ამბობს: „ჩვენ არ უნდა დავტოვოთ უკრაინა და ვოლოდიმირი ამ ბიჭებთან“. ნატო-ს გენმდივანი მარკ რუტე კი ამბობს: „მე ვეთანმები ალექსანდრს. ჩვენ უნდა დავიცვათ ზელენსკი“.
