ახალი ზელანდიის პოლიციამ მიიღო ძვირადღირებული კულონი „ფაბერჟე“, რომელიც ქურდმა 6 დღის წინ გადაყლაპა. სამკაულმა კაცის სხეული „ბუნებრივი გზით“, ოპერაციისა და სხვა სამედიცინო პროცედურების გამოყენების გარეშე დატოვა.
ბოროტმოქმედმა 19 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული ოკლენდში, მაღაზიაში Partridge Jewelers გადაყლაპა. კაცი პოლიციამ დააკავა. სასამართლოში მან ბრალი არ აღიარა. ამის შემდეგ, პოლიცია 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდა მის მდგომარეობას და ახალ მტკიცებულებებს ელოდა, რომელიც პარასკევს ღამე გამოჩნდა.
მომავალ კვირას 32 წლის ქურდი კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება.
საიუველირო ნაწარმი წარმოადგენს კვერცხის ფორმის კულონს, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ 1983 წლის ფილმით „რვაფეხა“ არის შთაგონებული. სამკაული დამზადებულია ოქროსგან, მწვანე მინანქრით, გაფორმებულია 183 ბრილიანტითა და საფირონით. მისი სიმაღლე 8,4 სანტიმეტრია. კულონის შიგნით დამალულია რვაფეხა, რომელიც დამზადებულია 18-კარატიანი ყვითელი ოქროსგან და გაფორმებულია ორი შავი ბრილიანტით.
