რამდენიმე დღის წინ შუახევის მაღალმთიან სოფელ ჩანჩხალოდან, იქ, სადაც გადაადგილებაც კი ჭირს და კლდეებიდან ქვები ცვივა, ერთი შეხედვით დაუჯერებელი, ფილმის სცენარის მსგავსი დრამა მოვისმინეთ. საზოგადოებამ გაიცნო 44 წლის მარინა ბებია, რომელიც ამბობდა, რომ საკუთარ პირად ცხოვრებაზე უარი თქვა, რათა 17 წლის რძლისგან მიტოვებული ჩვილი ტყუპები – ნიკა და ლუკა გადაერჩინა.
ქალი ჰყვებოდა, რომ ტყუპები 8-თვიანები დაიბადნენ. მისი თქმით, მაშინ, როცა ჩვილები ჯერ კიდევ აპარატზე იყვნენ შეერთებულნი და სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ოჯახმა სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი განცხადება აღმოაჩინა, რომ “რძალი შვილებს ყიდდა”. ასევე ქალმა გაიხსენა ის დღეც, როცა რძალი სახლიდან წავიდა და დაამატა, რომ მას შემდეგ დედას შვილები არ მოუკითხავს.
უმძიმესი ამბავი თითქმის მთელმა ქვეყანამ გულთან მიიტანა. თუმცა ისტორიის მიღმა იმალება მწარე რეალობა, რომელიც გუშინ მეორე მხარისგან, ანუ ბავშვების დედისგან მოვისმინეთ. როგორც აღმოჩნდა, გადაცემის გასვლის შემდეგ, ახალგაზრდა დედა დაუკავშირდა “ნანუკას შოუს” და მოჰყვა, რა მოხდა წლების წინ რეალურად.
“იძახის, რომ კლავდაო… არასდროს არ მიცდია ეს… ქალიშვილი რომ არ ვიყავი, ეგ იყო პრობლემა… ეგეთი წესი ჰქონიათ, მეორე დღეს რომ ავიდა, უნდა ენახა რაღაც ჩემს საწოლზე… მაგ დღეს წამიყვანეს, მუსულმანად მოინათლეო… თუ დედა ბინას მიყიდდა, ყველაფერი მოგვარდებოდა და ეს აღარ იქნებოდა პრობლემა… აუცილებლად ვიბრძოლებ ბავშვებისთვის. ბავშვის ორი სვიტრი წამოვიღე, იმაზეც მეჩხუბა რატომ წაიღეო” – ჰყვება მარი ბარბაქაძე.
ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც დედამთილმა გაიგო, რომ რძალი ქალიშვილი არ იყო, გოგოს დედას დაურეკა, შვილი წაეყვანა.
“დავურეკე დედამისს, შენი შენი შვილი ქალიშვილი არ არის და რა ხდება-თქო და მითხრა, რომ ოღონდ ახლა დაიტოვეო, მე სახლს ვუყიდიო” – ამბობს დედამთილი, მას მერე, რაც ნანუკამ მას რძალთან ინტერვიუს შემდეგ დაურეკა.
AMBEBI.GE ესაუბრა ასევე მარი ბარბაქაძის ახლობელს, რომელმაც თქვა, რომ “გოგონა წლების განმავლობაში მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა”.
“მარი სამშობიაროში გავიცანით, 16 წლის იყო როცა იმშობიარა, მთელი ღამეები ტიროდა, ექთნებიც კი დარდობდნენ მასზე, არ ვიცოდით, როგორ გვეშველა მისთვის. აშკარა იყო, რომ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მუდმივად ვკითხულობდი მარის ამბავს, ერთხელაც მომივიდა მისგან მესიჯი, შემეშვი თორემ ოჯახს დაგინგრევო, მივხვდი, რომ მისი სახელით დედამთილი მწერდა” – ამბობს გოგონას ახლობელი.
