საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ასოციაციის მმართველი ორგანოების წევრების არჩევნები მიმდინარეობს. პროცესს მონიტორინგს დამკვირვებლები უწევენ. ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
„ვირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ახალ მმართველ გუნდს. მოლოდინი არის პოზიტიური – მე მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი ადვოკატი მოვა, სწორ არჩევანს გააკეთებს და უზრუნველვყოფთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ადვოკატის პროფესიის განვითარებას, თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას. ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული“, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა.
ადვოკატი ლევან მახარაშვილი გამორიცხავს არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლებლობას, რაზედაც კონკრეტული პირები აპელირებდნენ.
„ხმები ითვლება ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატების მეშვეობით, ხოლო თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ხელით გადათვლის მექანიზმიც არის გათვალისწინებული. უამრავი დამკვირვებელია წარმოდგენილი, შესაბამისად, თეორიულადაც კი აპელირება იმაზე, რომ შეიძლება რამე გაყალბდეს, არის გამორიცხული და გულდასაწყვეტია, რომ მიზანმიმართულად მიდიოდა კამპანია, თითქოს შეიძლებოდა ამ არჩევნების გაყალბება“, – აღნიშნა ადვოკატმა.
