თითქმის მთელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებას ცდილობს. ახალი ტექნოლოგიებით ექსპერიმენტებს ექსტრემისტული და შეიარაღებული დაჯგუფებებიც ატარებენ, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როგორ გამოიყენებენ მას.
ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხების ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, მძლავრი იარაღი აღმოჩნდეს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ახალი წევრების რეკრუტირების საქმეში, აგრეთვე „დიპფეიკების“ შესაქმნელად და კიბერთავდასხმების გასაუმჯობესებლად.
„ისლამური სახელმწიფო“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მოწოდებით გამოდის
ნოემბერში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) დაკავშირებულ პროისლამისტურ ფორუმზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ორგანიზაციის მხარდამჭერებს თავიანთ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენებისკენ მოუწოდა.
„ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ის არის, რომ მისი გამოყენება ძალიან ადვილია“, – დაწერა მან ინგლისურად და დასძინა: „ზოგიერთი სადაზვერვო სააგენტო შეშფოთებულია, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს რეკრუტირებას. აქციეთ მათი კოშმარები რეალობად!“.
ISIS-მა, რომელსაც მანამდე ერაყსა და სირიაში ვრცელი ტერიტორიები ეკავა, ახლა კი შეიარაღებული ჯგუფების დეცენტრალიზებული ქსელის სახით ოპერირებს, ადრეულ ეტაპზევე აღიარა სოციალური მედიის ძალა გადაბირებისა და დეზინფორმაციის გავრცელების საქმეში. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ტერორისტული ჯგუფის გადაწყვეტილება, შეესწავლა ხელოვნური ინტელექტი, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
პროპაგანდა და „დიპფეიკები“ დაბალ ფასად
უფრო ნაკლებად ორგანიზებულმა და შეზღუდული რესურსების მქონე ექსტრემისტულმა ჯგუფებმა, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომის მქონე ცალკეულმა „მარტოხელა მგლებმა“, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება პროპაგანდისა და „დიპფეიკ“ მასალის მასობრივი წარმოებისთვის გამოიყენონ, რაც ყალბ კონტენტთან წვდომას გააფართოებს.
„ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ყველაფერს ბევრად აადვილებს“, – აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მკვლევარი და კიბერუსაფრთხოების კომპანია ClearVector-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ ლალიბერტი. „პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა უკვე დიდი ფინანსური რესურსების არმქონე მცირერიცხოვან გუნდებსაც კი შეუძლიათ“, – დასძინა მან.
როგორ ატარებენ ექსტრემისტული ჯგუფები ექსპერიმენტებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თითქმის მაშინვე დაიწყეს, რაც ChatGPT-ის მსგავსი ინსტრუმენტები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. ბოლო წლებში ისინი გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს რეალურთან მიახლოებული ყალბი ფოტოებისა და ვიდეოების შესაქმნელად იყენებენ.
სოციალური მედიის ალგორითმებთან კომბინაციაში, ამ ყალბმა შინაარსმა შეიძლება ახალი წევრების გადაბირებას შეუწყოს ხელი, დაბნეულობა ან შიში გამოიწვიოს და უპრეცედენტო მასშტაბით გაავრცელოს პროპაგანდა.
ორი წლის წინ გავრცელდა ისრაელ-ჰამასის ომის ამსახველი ყალბი სურათები, რომლებზეც დაბომბილ შენობებში მყოფი დაჭრილი ჩვილი ბავშვები იყვნენ აღბეჭდილნი. ამ კონტენტმა აღშფოთება და პოლარიზება გამოიწვია, რაც ახლო აღმოსავლეთში მოქმედმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, აგრეთვე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში არსებულმა ანტისემიტურმა ორგანიზაციებმა ახალი წევრების რეკრუტირებისთვის გამოიყენეს.
ანალოგიურად, 2024 წელს რუსეთში საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელმაც თითქმის 140 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ISIS-ის განშტოებას დაბრალდა, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი უამრავი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი გავრცელდა.
SITE Intelligence Group-ის თანახმად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ შექმნა ყალბი აუდიოფაილები ისლამისტი ლიდერების ხმებთან მიმსგავსებით, რომლებიც რელიგიურ ტექსტებს კითხულობენ. ეს მასალა, ხელოვნურ ინტელექტის სწრაფი თარგმანის სერვისის საშუალებით, მრავალ ენაზე ითარგმნება და დიდ აუდიტორიას იზიდავს.
რისკები იზრდება
„ექსტრემისტული ორგანიზაციები ჯერ კიდევ ჩამორჩებიან ისეთ აქტიორ-სახელმწიფოებს, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი ან ირანი. ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის უფრო დახვეწილი გამოყენება ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის კვლავ „ამბიციის“ დონეზე რჩება“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტი და Darktrace Federal-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, მარკუს ფაულერი.
თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, რაც უფრო იაფი და მძლავრი ხდება ხელოვნური ინტელექტი, რისკები მით უფრო იზრდება.
კიბერდამნაშავეები უკვე იყენებენ სინთეზურ აუდიო და ვიდეო მასალას ფიშინგ-თავდასხმებისთვის, რა დროსაც თავს ასაღებენ უფროს აღმასრულებელ პირებად ან მთავრობის წარმომადგენლებად. ხელოვნურ ინტელექტს ასევე იყენებენ ზიანის მომტანი პროგრამების დასაწერად ან კიბერთავდასხმების ავტომატიზებისთვის.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გამოყენება ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის საწარმოებლად – ეს რისკი ახლა უკვე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ განახლებულ ეროვნული საფრთხეების შეფასებაშიც არის შეტანილი.
საკანონმდებლო ინიციატივები და საპასუხო ზომები
ამერიკელი კანონმდებლები მთელი რიგი ინიციატივების პოპულარიზებას ეწევიან და მათი დაუყოვნებელი ამოქმედების საჭიროებას უსვამენ ხაზს. სენატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, მარკ უორნერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ხელოვნური ინტელექტის კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის, რათა მოხდეს ამ ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენცია.
კონგრესში გამართულ ბოლო მოსმენაზე გაირკვა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ და „ალ-ქაიდამ“ თავიანთი მხარდამჭერებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სასწავლო სემინარები მოაწყვეს.
აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის მიერ ახლახან მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული რისკების ყოველწლიურ შეფასებას. „ჩვენი პოლიტიკა და შესაძლებლობები ფეხს უნდა უწყობდეს ხვალინდელ საფრთხეებს“, – ამბობს კანონპროექტის ავტორი, კონგრესმენი ავგუსტ პფლეგერი.
Τρομοκρατικές οργανώσεις και τεχνητή νοημοσύνη: Πώς την αξιοποιούν οι εξτρεμιστικές ομάδες
