საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
მაია ომიაძემ ბიზნეს სექტორს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლებისა და მოგზაურთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ბიზნეს სექტორს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, ვინც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობენ წლის შედეგები გავაცანით. შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდა წლის განმავლობაში, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც დადგა, ჩვენ რეკოდული მონაცემებით ვასრულებთ 2025 წელს, როგორც ვიზიტების, ასევე შემოსავლების ნაწილში. სწორად დაგეგმილმა, ერთობლივმა მუშაობამ, როგორც ახალი ფრენების მიმართულებით, ასევე სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვით, ჩვენ მივიღეთ ძალიან წარმატებული ტურისტული სეზონი და იმედი გვაქვს, მომავალი წელი უფრო აქტიური იქნება. 2026 წელს ახალი ინიციატივებითა და გეგმებით ველოდებით ბევრად მეტ საერთაშორისო მოგზაურს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
