უკრაინის დელეგაციამ, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, აშშ-სა და ევროპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან ფლორიდაში სამდღიანი მოლაპარაკებები გამართა. მხარეებმა განიხილეს ოთხი ძირითადი დოკუმენტი, მათ შორის -უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულებები და „კეთილდღეობის გეგმა“.
ამის შესახებ უმეროვმა თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა. აშშ-ის სპეციალურმა დესპანმა, სტივ უიტკოფმა იდენტური ტექსტი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
უკრაინის დელეგაციამ, რომელსაც NSDC-ის მდივანი, რუსტემ უმეროვი და უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი წარმოადგენდნენ, მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის დელეგაციასთან, რომელშიც შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე თეთრი სახლის თანამშრომელი, ჯოშ გრუნბაუმი. დისკუსიებს ასევე შეუერთდნენ ევროპის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მრჩევლები, რომლებიც ევროპას, აშშ-სა და უკრაინას შორის საერთო მიდგომის შეთანხმებაში იყვნენ ჩართულნი.
„ფოკუსი 4 ძირითად დოკუმენტზე გაკეთდა. ესენია: 20-პუნქტიანი გეგმის შემუშავების გაგრძელება, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მრავალმხრივი ჩარჩო ხელშეკრულების პოზიციების კოორდინირება, შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების პოზიციების კოორდინირება, ასევე ეკონომიკური განვითარების გეგმის („კეთილდღეობის გეგმის“) შემუშავების გაგრძელება“, – დაწერა რუსტემ უმეროვმა აშშ-უკრაინის ფორმატში გამართული ცალკე შეხვედრის კომენტირებისას, რომელსაც მან „კონსტრუქციული“ უწოდა.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადებისა და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრობის განხილვას. უმეროვმა ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნის მიმართ უკრაინა ერთგული რჩება.
„ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების მიღწევა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის პირობების შექმნა, – აღნიშნა უმეროვმა, – შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულება, არამედ ღირსეული სტაბილური მომავლისთვის საფუძველის შექმნა“.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა „ტეელგრამ-არხზე“ ასევე დაწერა, რომ უკრაინა დიდად აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას.
რა არის ცნობილი ფლორიდის მოლაპარაკებების შესახებ
23 ნოემბერს ჟენევაში (შვეიცარია) გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, 30 ნოემბერს აშშ-უკრაინის შეხვედრა მაიამიში (ფლორიდა) გაიმართა. მაშინ ამ შეხვედრას „ჟენევის მოლაპარაკებების პროდუქტიული გაგრძელება“ უწოდეს.
2 დეკემბერს, ირლანდიაში ყოფნისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელზეც მომლაპარაკებელთა გუნდები მუშაობენ, შეიცავს 20 პუნქტს 28-ის ნაცვლად, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. იმავე დღეს, რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში თითქმის ხუთსაათიანი შეხვედრა გამართა ამერიკულ დელეგაციასთან. მოგვიანებით, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მხარეებს „კომპრომისისთვის ჯერ არ მიუღწევიათ“.
6 დეკემბრის ღამეს, უმეროვი და გნატოვი ორ კვირაში უკვე მეექვსედ შეხვდნენ აშშ-ის წარმომადგენლებს. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შეთანხმებების ფარგლები, აგრესიის შეკავების მექანიზმები და ომისშემდგომი აღდგენის გეგმა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრესი დამოკიდებულია დეესკალაციისკენ რუსეთის მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებზე. 7 დეკემბერს მომლაპარაკებელთა გუნდებმა ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
9 დეკემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულებისკენ მიმართული „უკრაინული და ევროპული კომპონენტები“ კიდევ უფრო დაახლოვდა. მისი თქმით, კიევი და მისი პარტნიორები მზად არიან, ისინი შეერთებულ შტატებს წარუდგინონ.
14-15 დეკემბერს, უკრაინის დელეგაციამ, ვლადიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ბერლინში აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართა ომის დასრულების 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე. შეხვედრის შემდეგ NSDC-ის მდივანმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ საუბარი „პროდუქტიული იყო და მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს“.
19 და 20 დეკემბერს შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებების ახალი რაუნდები გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროპის წარმომადგენლები. მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ სამმხრივი (კიევი-ვაშინგტონი-მოსკოვი) მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ კრემლმა ეს იდეა უარყო.
https://suspilne.media/1195000-umerov-ta-vitkoff-rozpovili-pro-pidsumki-tridennih-peremovin-u-floridi/

